ბიძინა ივანიშილი აშშ-ს ან ევროკავშირს რით უნდა დაემუქროს? - ემუქრება იმით, რომ საქართველოს, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი, რუსეთისკენ წაიყვანს, - ''ქართულმა ოცნებამ“ ადეკვატურობა დაკარგა! - ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აშშ-ის ელჩთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრას ეხმიანება
გოცირიძის თქმით, პრემიერის გუშინდელი განცხადება დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივია.
„პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ელჩს ფაქტობრივად იმით დაემუქრა, რომ თუ დასავლეთი ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერას გააგრძელებს, თურმე ეს წითელი ხაზი იქნება - მერე გვიყურეთ, ჩვენ რას ვიზამთო! რა უნდა ქნან, ამ მართლა გოიმებმა?!
დასავლეთს ფაქტობრივად იმას ეუბნებიან, რომ ქვეყანას რუსეთისკენ წაიყვანენ. იმუქრებიან საქართველოს რუსეთის გუბერნიით გადაქცევით - რა უნდა იყოს ამაზე დიდი დანაშაული?!
ეს კაცი ქვეყანას გველეშაპივით მოაჯდა, მძევლად ჰყავს აყვანილი და აშშ-სა და ევროპას ეუბნება, რომ თუ მის ხუშტურებს არ დააკმაყოფილებენ, ქვეყანას რუსეთში წაიყვანს. ეს არის ქვეყნის ბედით და მომავლით შანტაჟი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ “ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს”.