სამწუხარო სანახავია სალომე ზურაბიშვილის ძალდატანებული ხანუმობა, ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს, თითქოს მედიატორობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„სამწუხარო სანახავია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძალდატანებული ხანუმობა ამ უნიჭო დრამატურგიაში, როდესაც გათამაშებულია, თითქოს ფიქრობენ. გახარიას, ხაზარაძისა და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია. როგორც თვეების წინ ვაანონსებდით, ისინი ძალიან მალე გაუერთიანდებიან ერთმანეთს, თუმცა იმ ცოტა ხმებსაც წაართმევენ, რადგან ასეთი ეკლექტური, უაზრო და უპრინციპო გაერთიანება ქართველებისთვის მიუღებელია. ერთმანეთს დედას როდესაც აგინებენ, 5-10 წუთის წინ ერთმანეთს უკიდურეს შეურაცხყოფებს აყენებენ, შემდეგ მათი ერთობის პატარა ბავშვსაც არ სჯერა. კი ბატონო, გაერთიანდნენ, ისედაც ეს ორი ძალიან მძიმე ქვა იყო პოლიტიკურ ბადეში და ქვას რომ ქვა დაემატება, რა ფსკერზეც აღმოჩნდებიან, ამას 26 ოქტომბერს ვნახავთ.
პრეზიდენტის როლი გაცხადებულად არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა მეცოდება, რადგან ამ როლის შესრულებას არავინ ეკითხება, ეს დავალება აქვს. ძალიან ვწუხვარ და შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გარე ძალების ასეთი მარიონეტია. ის არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს, თითქოს მედიატორობს. სინამდვილეში, ხომ წარმოგიდგენიათ, რომ გახარიასაც და ხაზარაძესაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის არც პოზიცია და არც მოწოდება არ აინტერესებს, თუმცა ინფორმირებული არიან, რომ პატრონებმა მათი ერთობა მათ გარეშე გადაწყვიტეს. უბრალოდ, ამის გამოცხადება სალომე ზურაბიშვილს დაავალეს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში დაპატიჟა. 17 სექტემბერს, ხაზარაძე და გახარია ჯერ ერთმანეთს შეხვდნენ, შემდეგ კი პრეზიდენტთან ერთად გამართეს შეხვედრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ორბელიანების სასახლეში ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიამაც, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა დრო. ბევრი რამ ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს“.