უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ სუმის ოლქში, სადაც ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს საკუთარი ტერიტორიებით ვაჭრობას.
„მე დავარწმუნე ჩვენი ჯარისკაცები, რომ უკრაინა არ გეგმავს რაიმე სახის ვაჭრობას ტერიტორიის ან მინსკის ტიპის შეთანხმებებზე. რაც არ უნდა დაწერონ გაზეთებში“, - წერს სიბიჰა ფეისბუქზე.
მინისტრის თქმით, „ეს არის პრეზიდენტის აბსოლუტურად მტკიცე პოზიცია და ვაშინგტონში ის წარადგენს იმას, რაც აუცილებლად გააძლიერებს ჩვენს ჯარისკაცებს“.
მანამდე გერმანული გაზეთი Bild წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის შესთავაზოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი უახლოეს კვირებში გაემგზავრება შეერთებულ შტატებში, რათა წარუდგინოს თავისი სტრატეგია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს.
გამოცემა წერს, რომ წინადადება, სავარაუდოდ, მოიცავს როგორც მოთხოვნას, დაუშვან დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გამოყენებას რუსეთის სიღრმეში, ასევე უკრაინის მზადყოფნას დათანხმეს ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე ცეცხლის შეწყვეტას და, შესაბამისად, ომის დროებით გაყინვას.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და გერმანულ გამოცემას ასეთი დოკუმენტის ნახვა არ შეეძლო.
„Bild“-მა გაავრცელა ყალბი ცნობა, მას გამარჯვების გეგმა არ უნახავას და მათთან, ვინც ამჟამად პრეზიდენტის დავალებით არის ჩართული გამარჯვების გეგმის მომზადებაში, Bild-ს არ უსაუბრია. მინსკ-3-ის ან სხვა ფორმატს რუსებს არავინ გადასცემს.
უკრაინა ომის ნებისმიერი გაყინვის წინააღმდეგია და უკრაინის ხელისუფლება ყველა დონეზე ამაზე საუბრობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის გამარჯვების გეგმას და არა კაპიტულაციას ან გაყინვას“, - განაცხადა დმიტრო ლიტვინმა.