გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის შესთავაზოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ერთ ნაწილზე.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი უახლოეს კვირებში გაემგზავრება შეერთებულ შტატებში, რათა წარუდგინოს თავისი სტრატეგია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს.
გამოცემა წერს, რომ წინადადება, სავარაუდოდ, მოიცავს როგორც მოთხოვნას, დაუშვან დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გამოყენებას რუსეთის სიღრმეში, ასევე უკრაინის მზადყოფნას დათანხმეს ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე ცეცხლის შეწყვეტას და, შესაბამისად, ომის დროებით გაყინვას.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული უსაფრთხოების იალტის კონფერენციაზე, კიევში თქვა, რომ უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარების პაკეტები დასავლეთის ქვეყნებიდან, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ ან მრავალი თვის დაგვიანებით იქნა მიწოდებული.
„60-ზე მეტი დაპირებული „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლიდან ჯერჯერობით მხოლოდ ექვსია ჩასული უკრაინაში. გერმანიიდან დღემდე კვალიც არ არის 400 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკის, რომელიც უკრაინისთვის წლის დასაწყისიდან უნდა მიეწოდებინათ“, – წერს „ბილდი“.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და გერმანულ გამოცემას ასეთი დოკუმენტის ნახვა არ შეეძლო.
„Bild“-მა გაავრცელა ყალბი ცნობა, მას გამარჯვების გეგმა არ უნახავას და მათთან, ვინც ამჟამად პრეზიდენტის დავალებით არის ჩართული გამარჯვების გეგმის მომზადებაში, Bild-ს არ უსაუბრია. მინსკ-3-ის ან სხვა ფორმატს რუსებს არავინ გადასცემს.
უკრაინა ომის ნებისმიერი გაყინვის წინააღმდეგია და უკრაინის ხელისუფლება ყველა დონეზე ამაზე საუბრობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის გამარჯვების გეგმას და არა კაპიტულაციას ან გაყინვას“, - განაცხადა დმიტრო ლიტვინმა.