საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის გამჩაღებელი რუსეთია და ვინც ასე არ ფიქრობს, ბოდიში მას აქვს მოსახდელი.
„2008 წლის ომისაც და მანამდეც, ყველა ჩვენთვის საზიანო პროვოკაციის, ბლოკადის, ქართველთმოძულეობის გამჩაღებელი, ოსი და აფხაზი ძმების წამქეზებელი, ჩვენს მიწა-წყალს უკანონოდ დაპატრონებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი.
ვინც ასე არ ფიქრობს, ვისაც მისი კეთილი მეტამორფოზისა და ფოჩიანი კანფეტების სჯერა, ბოდიში მას აქვს მოსახდელი.
ხერხი ნამდვილად სჯობია ღონესა, მაგრამ ბოდიშის მოხდა ის ხერხი არაა. მით უფრო ამ კონტექსტში”, - წერს გოჩა ჯავახიშვილი.
გუშინ, გორში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმებს“.