„ჩვენ დებატებზე შეთავაზება გვაქვს გაკეთებული და თუ „ოცნება“ არ მოვა, რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს დეტალურად ავუხსნით, როგორ შეიძლება მოვიტანოთ ყველამ ერთად 14 მილიარდი და უფრო მეტი.“ - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ 14 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, არა ერთი, არამედ რამდენიმე ფონდი არსებობს, საიდანაც საქართველოსთვის დაფინანსების მოპოვებაა შესაძლებელი:
„ჩვენ მზად ვართ, დავასახელოთ ფონდი და ფონდები, ოღონდ ამისთვის არსებობს წინაპირობა, რომელიც გიორგი ვაშაძემ წამოაყენა, მოვიდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, თუნდაც ირაკლი კობახიძე და ჩვენ მზად ვართ, ვასწავლოთ მისამართები, თუ საიდან შეიძლება 14 მილიარდის მოტანა და უფრო მეტის საქართველოსთვის.
ეს ფონდი თავად „ქართულმა ოცნებამაც“ იპოვა, უბრალოდ საუბარია იმაზე, თუ რამდენი შეხვდება საქართველოს, მაგრამ ერთი ფონდი ხომ არ არის მარტო, ძალიან ბევრი ფონდია, ჩვენ დებატებზე შეთავაზება გვაქვს გაკეთებული და თუ „ოცნება“ არ მოვა, რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს დეტალურად ავუხსნით, როგორ შეიძლება მოვიტანოთ ყველამ ერთად 14 მილიარდი და უფრო მეტი. თუ „ოცნება“ გვეტყვის, რომ შეეშინდა და არ მოდის დებატებზე, ამის შემდეგ ჩვენ ამას გავაკეთებთ. დებატების კულტურა არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ყველა ჩვენი არგუმენტაცია და სტრატეგია დავალაგოთ დებატების წინ.“ - განაცხადა მანჯგალაძემ.