საქართველო 2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე საკონკურსო ფილმის სტატუსით რუსუდან გლურჯიძის ფილმ ანტიკვარიატს წარადგენს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
"12 სექტემბერს კინოცენტრის ორგანიზებით დადგენილი სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი შეირჩა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჟიურის ოთხმა წევრმა ხმა დეა კულუმბეგაშვილის ფილმ აპრილს მისცა, ხოლო ხუთი ხმით კონკურსში გამარჯვებული რუსუდან გლურჯიძის ფილმი გახდა. სხვა საკონკურსო ნამუშევრებს ხმები არ მიუღიათ.
საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის ოსკარზე სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის წარსადგენი საპროდიუსერო კომპანიების განაცხადების მიღება 2024 წლის 16 აგვისტოს დაიწყო და ამა წლის 6 სექტემბრამდე გაგრძელდა. კინოცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ხუთი ფილმი: სიცოცხლიდან სიცოცხლემდე (რეჟისორი და პროდიუსერი - ბექა სიხარულიძე); კაცი რომელიც ჯიხურთან იდგა (რეჟისორი დავით ქაფიაშვილი; პროდიუსერი ხათუნა ვაშაძე); ეშმაკის სამოთხე (რეჟისორი ხათუნა ვაშაძე; პროდიუსერი გიორგი აზნაური); ანტიკვარიატი (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი) და აპრილი (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი, პროდიუსერი არჩილ გელოვანი).
სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი ფილმი შეარჩია, დაკომპლექტდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ზაზა შათირიშვილი (კულტურისა და კინოს მკვლევარი), ვლადიმერ კაჭარავა (პროდიუსერი), ედმონდ მინაშვილი (პროდიუსერი), ლევან გიგინეიშვილი (ფილოსოფოსი), ნიკოლოზ შენგელაია (კინომხატვარი), ხათუნა ხუნდაძე (პროდიუსერი), გიორგი ჭუმბურიძე (რეჟისორი), ბაჩანა ოდიშარია (კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი) და გიორგი ცხვედიანი (კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი)". - წერია კინოცენტრის განცხადებაში.
რუსუდან გლურჯიძის აღნიშნული ფილმის ჩვენება ვენეციის კინოფესტივალზე 6 სექტემბერს გაიმართა.
27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ვენეციის სასამართლოს განჩინების გამო პრესისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაუქმდა რუსუდან გლურჯიძის ფილმის, „ანტიკვარიატის“ ჩვენება, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის პარალელურ პროგრამაში „საავტორო დღეები“ (Giornate degli Autori) უნდა გამართულიყო.
ჩეხეთში რეგისტრირებული მოსარჩელე კომპანია Avantura Film აცხადებს, რომ „ანტიკვარიატის“ ნებისმიერი სახით გაყიდვა და დისტრიბუცია არალეგალურია, რადგან მას არ აქვს სრული თანხმობა ფილმის თანამწარმოებელი თითოეული კომპანიის მხრიდან.
4 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ვენეციის სასამართლომ რუსუდან გლურჯიძეს ფილმის ჩვენების ნება დართო და აღიარა რეჟისორის მორალური უფლებები.
რუსუდან გლურჯიძე ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია, გადაღებული აქვს ფილმები ნოქტიურნი, ოსკარი, სხვისი სახლი.
გლურჯიძის სადებიუტო ფილმმა House Of Others კარლოვი ვარის 2016 წლის კონკურსში გრან პრი მიიღო და წარდგენილი იყო ოსკარის 89-ე დაჯილდოებაზე.