დონეცკის ოლქის ვეროლუბოვკის საარტილერიო დაბომბვის შედეგად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამი თანამშრომელი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა.
ინფორმაციას დონეცკის ოქლის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
ფილაშკინმა თქვა, რომ თავდასხმა 12 სექტემბერს დილით მოხდა. ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივი საწარმოს ტერიტორიაზე ჩავარდა, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ.
თავდასხმის დროს განადგურდა სატვირთო მანქანა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა.
თავდასხმას ადასტურებს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტიც.
„წითელი ჯვრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა განხორციელდა იმ ადგილას, სადაც დაგეგმილი იყო ჰუმანიტარული დახმარების განაწილება. ორგანიზაცია ამატებს, რომ თავდასხმის დროს ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა.
„წარმოუდგენელია, რომ ჭურვი მოხვდეს ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილს“, – განაცხადა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა, მირიანა სპოლიარიჩ-ეგერმა.