იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს საერთაშორისო კონფერენციის მერე მედიასთან საარჩევნო პროცესში არასამთავრობო სექტორის როლზე ისაუბრა:
„საარჩევნო პროცესში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები და სწორედ პოლიტიკური პარტიები უნდა ეწეოდნენ აგიტაციას, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დააკვირდნენ საარჩევნო პროცესებს და, ასევე, სრულიად ნეიტრალურად მოუწოდონ საქართველოს მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. არსებობს მკვეთრი სხვაობა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. თუკი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს სურს, განახორციელოს პოლიტიკური საქმიანობა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მათ საქართველოს კანონმდებლობით აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ დააფუძნონ პოლიტიკური გაერთიანება და განახორციელონ პოლიტიკური საქმიანობა. საქმიანობის კუთხით არსებობს მკვეთრი სხვაობა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის და ეს წითელი ხაზი უნდა იყოს სათანადოდ დაცული პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილისგან“.