„ქართული ოცნების“ სიაში ვიხილეთ ადამიანები, რომელთაც ქვეყანას და კონსტიტუციას უღალატეს, ასევე ომში დაიჭირეს რუსეთის მხარე და ისეთი კანონები მიიღეს, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს ევროკავშირისგან და ნატო-სგან აცილებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ეს სპორტსმენები საამაყო ოლიმპიელები არიან, მაგრამ ისინი გადააქციეს კანონპროექტებზე ხელის დამჭერად, შესძინეს ღილაკზე ხელის დაჭერის ფუნქცია. პარლამენტში გვინახავს სპორტსმენები, რომლებიც პარლამენტში თვეში ერთხელ მოდიან და ისეთ საკითხებს უჭერენ მხარს, რაც ქვეყნის ინტერესებს ღალატობს. ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი ელოდება, აიღებს, დარწმუნებული ვარ, და პარლამენტში რა უნდა? რომელი კანონშემოქმედები არიან? პენსიონერები რომ იყვნენ, კიდევ მესმის, მოქმედი სპორტსმენები არიან. როცა ქვეყანა ღალატის გზას დაადგა და, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, ასეთ შემთხვევაში სიის გამლამაზებლად ყოფნა არ ეკადრება არც სპორტსმენებს, არც ბიზნესმენებს და არც ხელოვნების სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ლეღვის ფოთლის როლი უნდა შეასრულონ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სხეულზე. იმ პარტიის სიაში, რომელიც ღალატის გზაზე დგას, „რუსული კანონი“ მიიღო, მტრობს უკრაინას და ებრძვის დასავლეთს, იმ სიაში რა უნდათ? ზოგადად, საარჩევნო სიაში არც სპორტმენები უნდა იყვნენ, არც მომღერლები, არც მოცეკვავეები და არც ბიზნესმენები, ვინც, სხვათა შორის, ადგილებს ყიდულობენ. პარლამენტი პროფესიული საქმიანობის სფეროა, პარლამენტის წევრობა ხელობაა და ამას სჭირდება ცოდნაც, გამოცდილებაც, უნარებიც“, – განაცხადა რომან გორიციძემ.