საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მოგებული მატჩი (4:1) პრესკონფერენციაზე შეაფასა.
ამ სამი წლის განმავლობაში ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ. ზოგჯერ გარედან ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატმა მეტი თავდაჯერება შეგვძინა, ვიცით, რას ნიშნავს გუნდურობა და ერთიანობა. ძალიან მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და როგორ დავბრუნდებოდით, მაგრამ ის, რაც დღეს ვნახე, ძალიან გასახარია. შესანიშნავად ვითამაშეთ და ვულოცავ გუნდს ამ საოცარ მატჩს.
რაც შეეხება ცვლილებებს, კიტეიშვილს არ შეეძლო 90 წუთის თამაში, ჩაკვეტაძემაც მთხოვა შეცვლა. კვარაცხელია კი დიდი ხანია მაღალ დონეზე თამაშობს და იცის, როგორ გადაანაწილოს ძალები. კიტეიშვილი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა. ჩვენთვის მისი მნიშვნელობა მაშინაც გამოჩნდა, როდესაც ევრო 2024-ის რამდენიმე შეხვედრაში ვერ დაგვეხმარა. მას შეუძლია ტოპლიგაში ითამაშოს, ოთარი იდეალურად ასრულებს თავის როლს და მიხარია, ასეთი მოთამაშე რომ გვყავს“, - თქვა სანიოლმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდეგ მატჩს ტირანაში გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი 10 სექტემბერს ალბანეთს ესტუმრება.