ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა საქართველოსთან ერთა ლიგაზე წაგებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და მეტოქეს დამსახურებული გამარჯვება მიულოცა.
„ჩვენს თამაშს პოზიტიურად ვერ შევაფასებ. ამაზე ის ერთადერთი გოლი მეტყველებს, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. შედეგით კმაყოფილი არ ვარ. განსაკუთრებით ბოლო 10 წუთი არ მომეწონა. ქართველმა ფეხბურთელმა ჩვენს გუნდს დიდი სხვაობით აჯობეს.
გულდასაწყვეტია, რომ მატჩთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი არ გამართლდა. ვგრძნობდით სტადიონის ემოციებს. არც გვიკვირს, რომ საქართველოს ნაკრებს საოცარი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს მუხტი სტადიონზე იგრძნობოდა, რაც ჩვენს ფეხბურთელებზე ცოტა დამრთგუნველად მოქმედებდა.
იმედია, უკრაინასთან უკეთ ვითამაშებთ და შედეგიც უკეთესი იქნება“, – განაცხადა ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.