უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკის ოპერაციასთან დაკავშშირებით NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა არ გაცვლის ერთ ტერიტორიას სხვა ტერიტორიაზე.
„ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია, ამას ყოველთვის ვამბობდი.
ჩვენი ოპერაციები მიზნად ისახავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ჩვენ არ გვჭირდება მათი ხალხი, მშვიდობიანი მოსახლეობა, მათი მოქალაქეები. ჩვენ მათი სამხედროები ტყვეებად მხოლოდ იმისთვის აგვყავს, რომ გავცვალოთ ისინი {უკრაინელ სამხედროებზე}. იგივე დამოკიდებულება გვაქვს ტერიტორიის მიმართ. ჩვენ არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა იქ ჩვენი უკრაინული ცხოვრების დანერგვა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მესმის რა არის საერთაშორისო სამართალი და მესმის რა არის კონკრეტული სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა.
უკრაინა სწორედ ასეთი სახელმწიფოა, მაგრამ ჩვენ უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომ გავძლიერდეთ. ეს ოპერაცია აძლიერებს ქვეყანას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთ ტერიტორიას გავცვლით სხვაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მისთვის რთულია უკრაინის შემდეგი ნაბიჯების შესახებ საუბარი. მან ასევე არ უპასუხა, გეგმავს თუ არა უკრაინა რუსეთის სხვა ტერიტორიების დაკავებას.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა შეინარჩუნებს რუსეთში ოკუპირებულ ტერიტორიას მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება.
მისივე თქმით, კურსკის ოპერაცია უკრაინის გამარჯვების უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომელსაც ის აშშ-ის პრეზიდენტს გაუზიარებს.