საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ამერიკის ხმის" დასმულ კითხვაზე პასუხად.
მისი თქმით, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების მრავლისმომცველი გადახედვის პროცესი გრძელდება.
"ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის - კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი", - ამბობს მილერი.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავლისმომცველი გადახედვის პროცესშია და სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მიიღო ზომები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
"ორმხრივი ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის ფარგლებში, როგორც იცით, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის - პარტია "ქართული ოცნების" წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა ინდივიდუალური პირებისთვის. ჩვენ შევაჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა", - განმარტავს მილერი.