ჩვენ ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიგვაჩნია, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს, - აცხადებს პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე, რათა "ქართულ ოცნებას" არ მიეცეს ამ თემით მანიპულირების საშუალება.
"საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე არ არსებობს და არც იარსებებს!
დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა კონსტიტუციური შეთანხმებით - კონკორდატის საშუალებით რეგულირდება. ამ მოლაპარაკებასა და დოკუმენტის შექმნაში მეც აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული, რითაც ვამაყობ. ეს არის ყველაზე მაღალი რანგის სტატუსი, კონსტიტუციის შემდეგ.
თუ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით. თუ ეს ასეა, ჩვენ ახლავე დავუჭერთ მხარს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შეთავაზება ეკლესიისთვის მისაღები იქნება.
ჩვენ ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიგვაჩნია, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს. ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს ეკლესიას დაიცავს "ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის სტატუსს.
P.S არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბიძინა და "ოცნებაა" რომლის "სუსი" უსმენს, იწერს და მერე ეკლესიის შანტაჟისთვის "კრებსებს" ასაჯაროებს", - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 31 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.