საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პარლამენტის დეპუტატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების საჩივრების განხილვა "აგენტების კანონის" მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების მოთხოვნით.
ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეტანილი 4 სარჩელი. დღეს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა კიდევ ერთი, მეხუთე სარჩელი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, მეხუთე სარჩელის ავტორია "საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია".
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, სასამართლოს სრული შემადგენლობა.
"აგენტების კანონის" არაკონსტიტუციურად ცნობას სხვადასხვა სარჩელით ითხოვენ:
• საქართველოს პრეზიდენტი;
• 122 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია და ორი მედიაორგანიზაცია - ა(ა)იპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", ა(ა)იპ "უფლებები საქართველო", ა(ა)იპ "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი" და სხვები (სულ 122 მოსარჩელე);
• საქართველოს პარლამენტის წევრები - თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი);
• ორი მედიაორგანიზაცია - შპს "საინფორმაციო ცენტრების ქსელი" და ა(ა)იპ "სტუდია მონიტორი".
"წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.
ისინი აგრეთვე შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
2024 წლის 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო ხელმეორედ ინიციირებული კანონი, რასაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება მოყვა.