აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მილერი ეხმიანება „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაცემულ წინასაარჩევნო დაპირებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, პარტია „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას გეგმავს.
„ამერიკის ხმისთვის“ მიწოდებულ წერილობით პასუხში, მილერი აცხადებს, რომ „შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით“. მისი თქმით, ამის კიდევ ერთი მაგალითია „ქართული ოცნების“ განცხადებები, „ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადების გეგმის შესახებ“.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას. ამასთან, შეერთებული შტატების საგარეო უწყება მას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
„როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს, ევროინტეგრაციის შესახებ და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, - აცხადებს მილერი.