2022 წლის შუა პერიოდიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გაგზავნა 13 ათასი საზღვაო კონტეინერი, რომელიც იარაღითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული. ამის შესახებ Newsweek-ი სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.
ვარაუდობენ, რომ კონტეინერები დატვირთული იყო 6 მილიონზე მეტი 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვით, ასევე მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემებით, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებითა და სხვა საბრძოლო მასალით.
გავრცელებული ინფორმაციით, კონტეინერების თითქმის ნახევარი გაიგზავნა მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ. მანამდე ფხენიანმა მოსკოვს საბრძოლო მასალით დატვირთული 6,7 ათასი კონტეინერი გაუგზავნა.
სამხრეთ კორეის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას იარაღის სანაცვლოდ სავარაუდოდ ტექნოლოგიურ დახმარებას გაუწევს სარაკეტო და სატელიტურ პროგრამებში.
2024 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საპასუხო ვიზიტით ეწვია ჩრდილოეთ კორეას, რომლის დროსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას.
შეთანხმების შესაბამისად, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეამ პირობა დადეს, რომ დაეხმარებიან ერთმანეთს სხვა სახელმწიფოს მხრიდან აგრესიის შემთხვევაში. გარდა ამისა, პუტინმა არ გამორიცხა ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესაძლებლობა, მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს აკრძალვისა.