არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის, რუსთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის.
“არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის, რუსთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა
და იქ ჩვენი სახელის, ისტორიის, ნიჭის და შესაძლებლობების გატანა და საქართველოს სათანადოდ წარმოჩენა თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში და სამყაროში, ეს არჩევანი მეორედ არ დაგვიდგება, ჩვენი გადასაწყვეტია დღეს...
...ეს არჩევნები არცერთი პოლიტიკური პარტიის მოსაგები არ არის ცალ-ცალკე, ასეთია მოცემულობა, პარტიებს არც დრო, არც პირობები არ ყოფნით იმისთვის, რომ თავისუფლად მოემზადონ, დაფინანსდნენ და გაიმარჯვონ თავისუფლად, დროა მხოლოდ გადარჩენის, ახალი რეალობის შექმნის, ევროპის გზაზე დაბრუნების, სანამ კიდევ გველოდებიან, თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნის, ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს - ერთ წელიწადში. შეიცვალოს კლანური მოცემულობა სასამართლოში, საარჩევნო გარემოს დავუბრუნოთ კონკურენტუნარიანობა, ამ დროს მთავრობა შეუდგება მთავარს - პარტნიორებთან ნდობის და საერთო პროექტების აღდგენას და გაწევრიანების მოლაპარაკებების პერსპექტივის დაბრუნებას, ეს არის გეგმა, ერთადერთი გეგმა, რეალური და შესრულებადი, რაც უნდა შევძლოთ ერთ წელიწადში, რათა დავაბრუნოთ საქართველო საკუთარ გზაზე.
მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმასაც, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის, ახლა დროა შემართების და იმის, რომ ყველანი არჩევნებზე წავიდეთ.
იმედის დაკარგვა არ არის ის, რაც ახასიათებს საქართველოს, ეს არ მომხდარა საუკუნეების მანძილზე ფერეიდანში გადასახლებულთა შორის, ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციისგან წასულ ემიგრაციაში, ეს არ მომხდარა თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და მისი დამარცხების შემდეგ, ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციის მერე და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერისთვის არის მოცემულობა, ჩვენთვის კი შეუგუებლობა.
უმძიმესი დღეები გაუვლია საქართველოს, თუმცა უიმედობას არ გაუმარჯვია, პირიქით, როცა ვკითხულობთ, თუ რამ მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე, და შეინარჩუნა მისი თვითმყოფადობა, სწორედ ეს - საოცარი რწმენა მომავლისა არის ჩვენი საიდუმლო.
ეს მათქმევინებს დღეს, რომ მჯერა და მწამს, ასეთი არჩევანის წინაშე არავინ აღმოჩნდება გულგრილი, არავინ დარჩება სახლში, ეს იქნება დიასპორაში თუ ქვეყანაში.
26 ოქტომბერი ეს არის არჩევნები, როცა თქვენს საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას, აძლევთ თავს ქვეყნის ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს.
ვერავინ ვერ მოატყუებს ქართველ ხალხს, ვერც ფსევდოევროპულობით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.