უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს რუსეთი დასაჯოს კრამატორსკის დაბომბვის გამო, რომლის დროსაც უცხოური მედიის ჟურნალისტები დაშავდნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გეორგი ტიხი აღნიშნავს, რომ მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები რუსეთის სისტემატურ სამხედრო ტაქტიკად იქცა.
„წუხელ მოხდა კიდევ ერთი საშინელი და მიზანმიმართული რუსული დაბომბვა კრამატორსკის საცხოვრებელ უბნებზე, რის შედეგადაც სასტუმროში მყოფი უცხოური მედიის ჟურნალისტები დაიჭრნენ... ეს ბარბაროსული ომის დანაშაულები უნდა დაიგმოს და დაისაჯოს“, - წერს გეორგი ტიხი სოციალურ ქსელ X-ში.
Reuters-ი იტყობინება, რომ რუსული დარტყმის შედეგად დაიკარგა სააგენტოს გუნდის ერთი წევრი, რომელიც უკრაინის ომს აშუქებდა, ხოლო ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაბომბვის შედეგად დაზიანებულ სასტუმროში სააგენტო Reuters-ის გუნდის სულ ექვსი წევრი ცხოვრობდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვის შედეგად დაშავდა პოლონელი ჟურნალისტი მონიკა ანდრუშევსკაია, რომელიც ომს 2014 წლიდან აშუქებდა. ის მანქანით რაკეტის დარტყმის ადგილის მახლობლად გადაადგილდებოდა.
ასევე დაშავებულები არიან სააგენტოს უკრაინელი, ლატვიელი და გერმანელი ჟურნალისტები. ნანგრევების ქვეშ ბრიტანელი ჟურნალისტია მოყოლილი.
სასტუმროს გარდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც.