როგორც ხის რკინა არ არსებობს, ისე არ არსებობს პატრიოტი „ქოცი“,-ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღე აკრიტიკებენ დასავლელ პარტნიორებს, „მაშინ როდესაც ტუჩზე კოცნით ხვდებიან "ჰეზბოლას" და "ჰამასის" წარმომადგენლებს“. მანჯგალაძის განცხადებით, ვისაც "ჰეზბოლა" და ირანი უნდა მან ხმა უნდა მისცეს „ქართულ ოცნებას“, ხოლო ვისაც ევროპა და განვითარება სურს, ის მხარს დაუჭერს ოპოზიციას.
„შეიძლება ვიღაც ოცნებობს ჩვენს განადგურებაზე, მაგრამ ხალხი ერთიანია, რომ 26 ოქტომბერს რეჟიმი უნდა შევცვალოთ, რომელიც საქართველოს ეღობება ევროპულ გზაზე. "ქართული ოცნება" ბლოკავს საქართველოს შესაძლებლობებს, ბლოკავს ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების შექმნას. თუ ვინმე უნდა ჩამოშორდეს საქართველოს, ივანიშვილის რეჟიმია.
საქართველოს მოქალაქეს ძალიან მარტივი არჩევანი აქვს. უფრო აშკარაა არჩევანი, სადაა სიმართლე. ეჭვი არ მეპარება, რომ 26 ოქტომბერს ხალხი მხარს დაუჭერს ერთიანობას საქართველოს დაყოფის და სიძულვილის წინააღმდეგ. „ქართული ოცნების“ პატრიოტიზმი არის ოქსიმორონი. როგორც ხის რკინა არ არსებობს, ისე არ არსებობს პატრიოტი „ქოცი“. ეს კარგად იცის საქართველოს მოქალაქემ. 26 ოქტომბერს ივანიშვილს გავუშვებთ პოლიტიკურ პენსიაზე.
ჩვენმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მიაქანებს ჩრდილოეთისკენ, რაც არ არის საქართველოს არჩევანი. ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღე აკრიტიკებენ დასავლელ პარტნიორებს, მაშინ როდესაც ტუჩზე კოცნით ხვდებიან "ჰეზბოლას" და "ჰამასის" წარმომადგენლებს. მათ არ უნდათ ევროპა და ამერიკა. ვისაც "ჰეზბოლა" და ირანი უნდა, მან მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“, ხოლო ვისაც ევროპა და განვითარება სურს, ის მხარს დაუჭერს ოპოზიციას“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.