ხელისუფლების გამარჯვება ნიშნავს ავტორიტარიზმის დამკვიდრებას საქართველოში, ოპოზიციის გამარჯვება კი ნიშნავს დემოკრატიულ განვითარებას, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, კოალიციურ და არა ერთპარტიულ მმართველობას, - ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო გზავნილებთან დაკავშირებით განაცხადა.
წერეთლის თქმით, რაც უნდა ეცადოს ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრება და ამას არჩევნებზე პასუხი გაეცემა.
"საქართველოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და ვხედავთ, რომ ამ მხრივ აქტივობაა დაწყებული. და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებისგან გვესმოდეს, რომ ისინი უზრუნველყოფენ თავისუფალ გარემოს, რათა არჩევნების შემდეგ ქვეყანა იყოს წინსვლასა და განვითარებაზე, პოლარიზაციის შემცირებაზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული, რაც არსებობს ყველა მიმართულებით, დაწყებული ეკონომიკით და დასრულებული მიგრაციითა და დემოგრაფიით, ამის ნაცვლად გვესმის მხოლოდ ერთი რამ: ეს არის მუქარა, საზოგადოების დაშინება, საუბარი იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გაუქმდებიან, საუბარი იმაზე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ იმისთვის სჭირდებათ, რომ ასეთი ზომები გაატარონ და გააქრონ პოლიტიკური ოპონენტები და ეს ყველაფერი სამწუხარო სურათს ქმნის. ჩვენს საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, საით მივყავართ იმ გზას, რომელსაც ხელისუფლება ადგას: დიქტატორული და ავტორიტარული სახელმწიფოსკენ, რადგან დიქტატურა სწორედ ერთპარტიული მმართველობაა, რომელიც აქრობს მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალას, აქრობს განსხვავებულ აზრს და ერთი პოლიტიკური ძალის, გუნდის, პოლიტიკური პარტიის გაბატონებით ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლება და ამის მაგალითები, სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებობს, მაგალითად რუსეთში, ბელორუსში. ის განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის, ამ მოცემულობითა და ქმედებებით უკვე აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ნებისმიერი თავისუფალი საარჩევნო გარემოსი და მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, თუკი ეს არჩევნები არ დასრულდება ოპოზიციის გამარჯვებით. ერთი რამ არის საზოგადოების მხრიდან ნათლად აღსაქმელი: ხელისუფლების გამარჯვება ნიშნავს ავტორიტარიზმის დამკვიდრებას საქართველოში, ოპოზიციის გამარჯვება კი ნიშნავს დემოკრატიულ განვითარებას, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, კოალიციურ და არა ერთპარტიულ მმართველობას. ვფიქრობ, ეს ისეთი წყალგამყოფია, რომ ბევრი შეკითხვა არც უნდა დაისვას. რაც უნდა ეცადოს ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, ალბათ 99%-ს, არ სურს ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრება და ამას არჩევნებზე პასუხი გაეცემა. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ დღეს ევროპაში აღინიშნება ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა დღე და ამ დღეს ვიგონებთ იმ მილიონობით ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა დროს ავტორიტარიზმსა და ტოტალიტარულ მმართველობას შეეწირა და ეს უნდა იყოს კიდევ ერთი შემახსენებელი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არასდროს დაუბრუნდება ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმს და დემოკრატიული არჩევნების, დემოკრატიული განვითარების მომხრე და მხარდამჭერი იქნება და კოალიცია "ერთიანობა" მას აუცილებლად შეიყვანს ამ გამარჯვებაში, სხვა პარტიებთან ერთად", - განაცხადა ბრიფინგზე პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა.