ბიძინა ივანიშვილის გზავნილებმა არა მხოლოდ საბრძოლო მუხტი მისცა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, არამედ მთელი საქართველო გააერთიანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას მცხეთაში, საარჩევნო შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.
„წარმოუდგენელია, ღირსეული ქართველი, პატრიოტი იყო და გული არ შეგტკიოდეს ოჯახურ ფასეულობებზე, არ შეიძლება, ქვეყნისთვის არ გინდოდეს მშვიდობა და მომავალ თაობას ის მანკიერება არ აარიდო, რომელიც ლგბტ პროპაგანდას მოაქვს. „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის გარანტია, ყველა დანარჩენი ციფრი ერთი და იგივეა, მათი სახელი ლეგიონია. ისინი არიან ყველა ძალის მოკავშირე, საქართველოს გარდა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხს, ოდიშარიას თქმით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საარჩევნო შეხვედრაზე ივანიშვილთან დაკავშირებით განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული.
„ნაცმოძრაობას“ მაშინ ექილიკა, როცა შუშის მიღმა სააკაშვილი და ჯორჯ ბუში იდგნენ და, ამის მიუხედავად, ერთმა შეურაცხადმა თუ ტერორისტმა მაინც მოახერხა და ხელყუმბარა მოისროლა. 21-ე საუკუნე გამოწვევებით სავსეა. რა არის გასაკვირი იმაში, რომ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით? დარწმუნებული ვარ, ეს იქნებოდა უსაფრთხოების სამსახურების რჩევა და კონსულტაცია. დღევანდელი მოცემულობა იმის ფიქრის, ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ასეთი ტიპის ტერაქტები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც ლოგიკურადაც არის ნომერ პირველი სამიზნე, რადგან მშვიდობისმყოფელი პოლიტიკით ეღობება მათ ზრახვებს, რომელიც მეორე ფრონტის გახსნასთან და სხვა ბევრ მანკიერ მოვლენასთან არის დაკავშირებული. გახსოვთ, პრემიერ ფიცოზე თავდასხმა, დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტი. დონალდ ტრამპი ასეთივე ტიპის თავდაცვითი ზომებით წარდგა ღია სივრცეში ამომრჩევლის წინაშე. ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილზე მიმდინარეობს გამოძიება და ათეულობით ადამიანია დაკითხული. რა თქმა უნდა, არსებობს არა მხოლოდ საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი, არამედ, პრაქტიკულად, მოცემულობაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ გამეტებული ჰყავთ. ის არის ნომერ პირველი სამიზნე. ბუნებრივია, უსაფრთხოების სამსახური მიიღებდა განსაკუთრებულ ზომებს, რომ მას ასეთი ტიპის ხიფათი აარიდოს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.