ივანიშვილის არც ერთი გზავნილი არ შეიცავდა პოზიტიური მოლოდინის შექმნას, თუ რის შეთავაზებას აპირებს საქართველოს მოსახლეობისათვის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა , ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, ივანიშვილის მისი მთელი ყურადღება კონცენტრირებულია იმაზე, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება არარსებული ქიმერებით, ომის საფრთხეებით და საზოგადოებაში შიშის დანერგვით.“
„შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილი ბრონირებული აკვარიუმის მეშვეობით ესაუბრებოდა საქართველოს მოსახლეობას და ეს არ არის მარტო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. ეს დისტანცირება, რომელიც აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას ქართველ ხალხთან, გამოიხატება იმ დამოკიდებულებაში, თუნდაც საარჩევნო კამპანიის წარმოებაში და იმ მესიჯებში, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის მიმართ. არცერთი გზავნილი არ შეიცავდა პოზიტიური მოლოდინის შექმნას, თუ რას აპირებს „ოცნება“ და რის შეთავაზებას აპირებს საქართველოს მოსახლეობისათვის. არც ეკონომიკური, არც სოციალური მიმართულებით, არც ბიზნესის განვითარების, არც დემოკრატიის განვითარების კუთხით. მათი მთელი ყურადღება კონცენტრირებულია იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება და არარსებული ქიმერებით, ომის საფრთხეებით, საზოგადოებაში შიშის დანერგვით. ძალადობით და ზეწოლით მოახდინონ საზოგადოების დაშინება და ამ შიშებზე მანიპულირებით მოახდინონ ხელისუფლების შენარჩუნება. მთელი ეს ნარატივი განსდევდა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსვლებს და შიშნარევი ტონალობა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს, რომ მათ სჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა და ა.შ. რადგან მათ იციან, რომ ყველა გამოკვლევით ოპოზიცია იმარჯვებს „ქართულ ოცნებაზე“, ოპოზიციას ექნება გადამწყვეტი უმრავლესობა „ოცნებაზე“, რაც საქართველოს მოუტანს სამომავლო ევროპულ პერსპექტივას.
ღიმილისმომგვრელია ის ტონალობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ადამიანებს ალბათ თავი ეგონათ 2012 წელს, როდესაც მაშინაც ივანიშვილი ებრძოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოიაზრება მთელი პროდასავლური ოპოზიცია, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველას კრებსით „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებენ. ამიტომ არის, რომ საზოგადოებას აღარ სჯერა „ქართული ოცნების“ ამ ტყუილების, ამ მანიპულაციების და დღეს საზოგადოებისათვის მთავარი არის, რომ ოპოზიციამ კოალიციური შემადგენლობით გაიმარჯვოს „ქართულ ოცნებაზე“ და ქვეყანას მოუტანოს პერსპექტივები,“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.