“ქართული ოცნება“ აპირებს საქართველოში დაამყაროს ერთპარტიული დიქტატურა, ბატონმა პაპუაშვილმა მანამდეც დააანონსა ძალადობა და 12 წლის თავზე რასაც ივანიშვილის რეჟიმი მოსახლეობას სთავაზობს, არის დაყოფა, ზიზღი და სიძულვილის ენა“, - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გია ჯაფარიძე მეზვრიშვილის განცხადებაზე პროკურატურის რეაქციასთან დაკავშირებით
გია ჯაფარიძე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, პროკურატურა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ აპირებს.
"ეს პასუხი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც "ქართული ოცნების" განცხადებაში ეწერა: ისინი აპირებენ საქართველოში დაამყარონ ერთპარტიული დიქტატურა, რომ საქართველო აქციონ დაახლოებით ისეთ სახელმწიფოდ, როგორიც არის ჩრდ. კორეა და როგორიც ნაწილობრივ არის რუსეთი.
ბატონმა პაპუაშვილმა მანამდეც დააანონსა ძალადობა და მმართველობის 12 წლის თავზე ქართულ ოცნებას არ აქვს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც აწუხებს საქართველოს მოახლეობას, არა აქვს პასუხი სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, იმაზე, რომ ქვეყანა იცლება და იცლება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისგან. ერთადერთი, რასაც 12 წლიანი მმართველობის შემდეგ სთავაზობს ქართული ოცნება საზოგადოებას, ეს არის ძალადობა, დაპირისპირება, საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, ზიზღი. არცერთი ის საქმე, რომელიც ადამიანებზე თავდასხმას ეხებოდა, გამოძიებული არ არის, როცა ადვოკატები მიმართავენ კითხვით, გამომძიებლები იძლევიან ცინიკურ პასუხებს, Human Rights Watch-მა, რომელიც არის ადამიანის უფლებებზე მომუშავე უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია, ამ საქმეებზე ანგარიშიც გამოაქვეყნა, მაგრამ ქართული ოცნება არ აპირებს ამ საქმეების გამოძიებას, რადგან ყველა ეს დანაშაული, თავდასხმა, რომლებიც ხოორციელდებოდა პოლიტიკოსებზე, აქტივისტებზე, მედიაზე, არის მათ მიერ ორგანიზებული, ეს ბანდიტური ჯგუფები არის მათ მიერ შექმნილი, დაფინანსებული და მათი უსაფრთხოების სამსახურის მიერ მხარდაჭერილი. ეს აქვთ დაანონსებული, ამას აპირებენ საარჩევნოდ, მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოში არავის ეშინია, არ ეშინიათ არც მოქალაქეებს, არც აქტივისტებს და არც პოოლიტიკოსებს. ეს მუქარა, ძალადობის დაანონსება და ძალადობის ენა ამ ქვეყანაში არ გავა", - განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გია ჯაფარიძემ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურაში შეიტანა.
შეგახსენებთ, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდა და განცხადებაში, რომელიც პროკურატურაში შეიტანა, კონკრეტული მტკიცებულებებიც ჰქონდა მოყვანილი, თუმცა პროკურატურამ ამ ფაქტების გამოძიება საჭიროდ არ ჩათვალა და გამოძიება არ დაიწყო.
„ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.