„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ საქართველოში სესხებზე დაიწიოს საპროცენტო განაკვეთმა, როგორც ეს არის ამერიკასა და ევროპაში, იმისთვის რომ მოქალაქეები „ქართული ოცნების“ საბანკო მონოპოლიისგან განთავისუფლდნენ და შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გია ჯაფარიძემ კოალიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აგრძელებენ ვიზიტს ჩიკაგოში, სადაც მიწვეული არიან ამერიკის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, გუშინ კი დაესწრნენ პრეზიდენტ ბაიდენის გამოსვლას, ასევე შეხვდნენ ამერიკელ სენატორებს.
„ვიზიტის ფარგლებში ისინი ხვდებიან და შეხვდებიან ამერიკის პოლიტიკურ და ბიზნესის ლიდერებს. მაშინ როცა „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს და ანგრევს აშშ-თან მეგობრულ ურთიერთობებს, „ერთიანობის“ მიზანია, ახალი სიცოცხლე მისცეს ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას, მოიზიდოს ამერიკული ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი ამერიკული ფინანსები ჩადოს ქართულ ეკონომიკაში. ინვესტიციები დაეხმარება საქართველოს უმუშევრობის დაძლევაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში და ასევე საბანკო სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაში თუ არა, განახევრებაში. საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საქართველოში არის ძალიან მაღალი, რაც გამოწვეულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკით და იმ საბანკო მონოპოლიით, რაც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნების“ საბანკო მონოპოლია პირდაპირ ატყავებს და აღარიბებს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით პენსიონერებს. როცა ადამიანებს არ აქვთ სხვა არჩევანი, მათ უწევთ, აიღონ ძვირი საბანკო სესხი.
საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ საკვებისა და წამლების ყიდვა, სიღარიბის გამო ქვეყანა ცარიელდება. საქართველოში არ ფუნქციონირებს არცერთი უცხოური ბანკი. „ქართულმა ოცნებამ“ დაამყარა საბანკო მონოპოლია. თუ ჩვენ შემოვიყვანთ უცხოურ ბანკებს, ბაზარზე გაჩნდება კონკურენცია და მოქალაქეებისთვის დაიკლებს სესხზე საპროცენტო განაკვეთი. ამის გამო არიან „ერთიანობის“ ლიდერები ამერიკაში – პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენით და გაძლიერებით, ჩვენ შეგვიძლია დასავლური ინვესტიციების შემოტანა საქართველოში, რაც დაშლის „ქართული ოცნების“ შექმნილ საბანკო მონოპოლიას, რომელიც სიღარიბეში აცხოვრებს ჩვენს ხალხს. „ერთიანობა“ მუშაობს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ საქართველოში დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა, როგორც ეს არის ამერიკასა და ევროპაში, იმისთვის რომ მოქალაქეები ქართული ოცნების საბანკო მონოპოლიისგან განთავისუფლდნენ და შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. დასავლური ინვესტიციებისთვის, მაღალი ხელფასებისთვის, ღირსეული პენსიისთვის და სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთებისთვის „ერთიანობის“ გამარჯვება არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.