კობახიძე, ფაქტობრივად, არჩევნებისა და დემოკრატიის გაუქმებით გვემუქრება. იოცნებოს „ქართულმა ოცნებამ“. ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი გამოუტანა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ოქტომბერში ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება.
„ოპოზიციის განადგურებას რაც შეეხება, იოცნებონ „ქართულ ოცნებაში“. არჩევნები არის იმის შესახებ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, იზოლირებულში, ჩაკეტილში, ღარიბ ქვეყანაში, სადაც სამუშაო ადგილები არ არის, ინვესტორები გარბიან და რასაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“, თუ ევროპასთან ერთად ძლიერ საქართველოში, სადაც ქართველები ბრუნდებიან. ასეთი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი.
ფაქტობრივად, არჩევნებისა და დემოკრატიის გაუქმებით გვემუქრება კობახიძე. იოცნებოს „ქართულმა ოცნებამ“. ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი გამოუტანა. გაუქმდება „ქართული ოცნება“, პირობითად ვამბობ – ვეღარ იქნებიან ხელისუფლებაში. საქართველო გააგრძელებს გზას და განვითარებას ევროპისკენ, რაც ჩვენი ისტორიული არჩევანია. „ჰესბოლასა“ და „ჰამასთან“ ერთად როცა დადიხარ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, ირანელ ლიდერთან ერთად დადიხარ, ბუნებრივია, ამუშავდა ანდაზა, ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო. იქ არც პარტიებია, არც დემოკრატია, არც განვითარება, არის სიღარიბე, განსხვავებული აზრის გამო, ფაქტობრივად, ახრჩობენ. მეტიც, თვითონ სახელმწიფოები განსაზღვრავენ, რა ჩაიცვა, თმა როგორ შეიჭრა. ასეთ მომავალს გვპირდება „ოცნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.