პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა ჩვენს მოკავშირეებთან, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ამ ურთიერთობების აღდგენაში უზარმაზარი წვლილის შეტანა თავად მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.
"მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა არის ერთერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რის გამოც გაწყვეტილია საქართველოს კავშირი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან და ბუნებრივია, ჩვენ "ქართული ოცნების" მიერ მისი სიძულვილით დანერგილი ეს პოლიტიკური პატიმრობა უნდა დავასრულოთ და პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდე იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა ჩვენს მოკავშირეებთან და ამაში უზარმაზარი წვლილის შეტანა თავად მიხეილ სააკაშვილს შეუძლია. მას შეუძლია, იყოს ადმიანი, რომელიც აღადგენს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კავშირებს და ეს უზარმაზარ მატერიალურ, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს მოუტანს ქართველ ერს", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბატონი სააკაშვილის ფაქტორი“ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მათ შორის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის"
„ყოველი სახელმწიფოსთვის მისი მოქალაქეების დაცვა ერთ-ერთი საკვანძო და მთავარი ამოცანაა, და ამ ქვეყნის დიპლომატებისთვის. სააკაშვილის საკითხი არ არის გამონაკლისი. უკრაინა განიხილავს ამ საკითხს მხოლოდ საკონსულო კუთხით, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის კუთხით, როგორც უკრაინის მოქალაქის. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სტატუსს აქვს გავლენა ამ პროცესის განვითარებაზე", - განაცხადა მიხაილო ხარიშინიმ .