უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ ცნობები გერმანიის მთავრობის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ არასწორი და მანიპულაციურია.
„ცნობები იმის შესახებ, რომ გერმანია აჩერებს სამხედრო დახმარებას უკრაინას, არასწორია. ეს არის იგივე მანიპულაცია, როგორც წინა ინფორმაციები მომავალი წლისთვის დახმარების განახევრების შესახებ“, - განაცხადა ტიხიმ.
მან აღნიშნა, რომ გერმანიაში საბიუჯეტო პროცესი მართლაც მიმდინარეობს, რასაც ყურადღებით აკვირდებიან.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტი ნოემბერში დამტკიცდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მომავალი წლისთვის უკრაინის მხარდაჭერის დონე.
„ახლა, ისევე როგორც გასულ წელს, გერმანიის მთავრობამ ბიუჯეტის პროექტში უკრაინის დახმარების გარკვეული თანხა დაგეგმა. ეს იგივეა, რაც გასულ წელს საბიუჯეტო პროცესის ამ ეტაპზე დაიგეგმა. გასულ წელს ეს თანხა საპარლამენტო ეტაპზე შემოდგომაზე ბიუჯეტის მიღებისას გაიზარდა“, - თქვა ტიხიმ.
მან განაცხადა, რომ უკრაინული მხარე აგრძელებს გერმანელ პარტნიორებთან მუშაობას უკრაინის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.
„ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველი ევრო, რომელიც ჩადებულია ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, არის წვლილი მთელი ევროპის უსაფრთხოებაში რუსული აგრესიის ფონზე“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
მან დასძინა, რომ უკრაინული მხარე მადლიერია გერმანიის, რომელიც რჩება ლიდერად ევროპულ ქვეყნებს შორის უკრაინის მხარდაჭერის
კუთხით და ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის დახმარებამ უკვე გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე უკრაინაში და მომავალშიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მისი დახმარება სიცოცხლის დასაცავად.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის მთავრობა წელს იპოვის დამატებით დაფინანსების შესაძლებლობას უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის “, - აღნიშნა ტიხიმ.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შეჩერებას გეგმავს.