რომელი პასუხისმგებლიანი ძალა დადგება იმ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიის ფესტივალზე, სადაც ადამიანთმოძულე რეჟიმის მთავარი დამნაშავის, შემოქმედის, განთავისუფლების ბანერია, მისი სახე-ხატი არის სლოგანი ამ თავყრილობის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას ჰკითხეს „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პლატფორმის წევრის, ლაშა ბაქრაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართულმა ოცნებამ“ კერძო ბიზნესი ისე დააშანტაჟა, რომ ყველამ უარი თქვა, ოპოზიციისთვის მიეცათ სივრცე „დემოკრატიის ფესტივალის“ ჩასატარებლად.
„რომელი ნორმალური და სინდისიანი პარტია თუ პოლიტიკოსი, პასუხისმგებლიანი ძალა დადგება იმ ეგრეთ წოდებულ ფესტივალზე და ჩამოუდგება დახლზე ადამიანებს, რომელთაც რევანშის სურვილი აქვთ და ახლა საოცრად ადამიანთმოძულე რეჟიმის მთავარი დამნაშავის, შემოქმედის, არქიტექტორის განთავისუფლების ბანერი, პრაქტიკულად, მისი სახე-ხატი არის სლოგანი ამ თავყრილობის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ოდიშარიასთვის საინტერესოა, რატომ აფინანსებენ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების კამპანიას.
„წამლად ვერ ვპოულობთ მათ სპიკერს, რომ გვიპასუხოს, რატომ აფინანსებს მიშა სააკაშვილის განთავისუფლების კამპანიას, მარგინალი ოპოზიციონერების სეირნობას საქართველოში, რატომ აფინანსებს და არქმევს ყალბ სახელს, „დემოკრატიის ფესტივალს“, რატომ აფინანსებს ავტოკრატიისა და დანაშაულებრივი რეჟიმის გაცოცხლების მცდელობას. ჯერ პასუხი გაგვცენ, რომელ ბიზნესზე ზემოქმედებაზე საუბრობენ, ნამუსი, სინდისი არ აქვთ? ჩვენი თუ არ სჯერათ, გაიარონ. „ქართულ ოცნებას“ აფინანსებს უმეტესი ბიზნესიო რომ ამბობენ, ცხადია, აფინანსებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ გაათავისუფლა ბიზნესი „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვათა კლანჭებისგან. საღად შევხედოთ ყველაფერს, ვინც აწამებდა და აწვალებდა, იმას არ აფინანსებენ, ვინც გაათავისუფლა ამ უღლისაგან, მას აფინანსებენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.