იმის ნაცვლად, რომ "ქართული ოცნება" ასეთ ფინანსებს იზიდავდეს საქართველოში, იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდეს ევროკავშირიდან ინვესტიციებზე, იმის ნაცვლად, რომ ებრძოდეს სიღარიბეს, უმუშევრობას, უპერსპექტივობას, ის ჭრის ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან, სასიცოცხლო ხაზებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, უსპობს საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა ლიეტუვას სეიმის ვიცე-სპიკერის განცხადებაზე, რომ "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს.
"ევროპის კავშირის არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა, ევროპის პარლამენტის წევრებმა, ევროკომისიამ, არაერთხელ განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" ანტიქართული, არადემოკრატიული და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების გამო შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს არაერთხელ, თავიანთი განცხადებით დაადასტურეს აგრეთვე ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა თბილისში, ისევე, როგორც ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელობამ. "ქართული ოცნების" პოლიტიკა საქართველოს აქცევს საერთაშორისო იზოლაციაში, შეჩერებულია ფინანსური ნაკადებიც, რაც საქართველოში მოემართებოდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის. იმის ნაცვლად, რომ "ქართული ოცნება" ასეთ ფინანსებს იზიდავდეს საქართველოში, იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდეს ევროკავშირიდან ინვესტიციებზე, იმის ნაცვლად, რომ ებრძოდეს სიღარიბეს, უმუშევრობას, უპერსპექტივობას, ის ჭრის ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან, სასიცოცხლო ხაზებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, უსპობს საქართველოს ევროპულ მომავალს და საქართველოს მოქალაქეებს ტოვებს სიღარიბეში", - თქვა გია ჯაფარიძემ ლიეტუვას სეიმის ვიცე-სპიკერის განცხადებასთან დაკავშირებით.
ლიეტუვას სეიმის ვიცე-სპიკერის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, 'ქართული ოცნება" ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს. "ნათელია, რომ ქართული ოცნება, იგივე ქართული კოშმარი კრემლის პროპაგანდისტული იარაღია", - განაცხადა პავილიონისმა.