თითოეულ სტრუქტურაში სჭირდებათ ყურმოჭრილი მონები, რომლებიც დაბმული ჰყავთ ან ფულით, ან რაიმე კომპრომატით, რათა მათ შეასრულონ ის დავალებები, რასაც ბიძინა ივანიშვილი გასცემს - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მეათეხარისხოვანი სტრუქტურაა ზოგადად, მაგრამ რა თქმა უნდა, არჩევნების წინ სჭირდებათ ეს და სხვა სტრუქტურები, როგორც შსს, პროკურატურა, სუს-ი - ყველაფერი არის ინსტრუმენტი ბიძინა ივანიშვილის მოღალატე და კრიმინალური ბანდის ხელში იმისთვის, რომ რამენაირად შეინარჩუნონ ხელისუფლება, რა თქმა უნდა გაყალბების, ფალსიფიცირების გზით და ყველაფერი, რაც დასჭირდებათ, ამ სტრუქტურებმა უნდა გააკეთონ, ამიტომ ბუნებრივია, თითოეულ სტრუქტურაში სჭირდებათ ყურმოჭრილი მონები, რომლებიც დაბმული ჰყავთ ან ფულით, ან რაიმე კომპრომატით, რათა მათ შეასრულონ ის დავალებები, რასაც ბიძინა ივანიშვილი გასცემს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად ბიუროს დაუბრუნდა ყოფილი უფროსი გიორგი თვაური, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაახლოებული ე.წ. კახური კლანის წარმომადგენლად მოიაზრებს.