არამხოლოდ „ოცნება“, არამედ მისი მხარდასაჭერი ანგარიშებიც კი სოციალურ ქსელში მართულია უშუალოდ რუსეთიდან, ამიტომ 26 ოქტომბერს „ოცნება“ უნდა გავისტუმროთ ერთიანობით, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა Meta-ს მიერ ანგარიშების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფნა ქვეყნის სათავეში არის საფრთხის შემქმნელი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისათვის.
„არამხოლოდ „ოცნება“, არამედ მისი მხარდასაჭერი ანგარიშებიც კი სოციალურ ქსელში მართულია უშუალოდ რუსეთიდან. ჩვენ ვნახეთ ჰელსინკის კომისიის დასკვნა, სადაც დამტკიცდა, რომ საერთაშორისო კრიმინალით არის დაფინანსებული მისი ბანდა, შესაბამისად ჩვენ საქმე გვაქვს კორუმპირებულ, კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც ერთიანობით უნდა დავამარცხოთ 26 ოქტომბერს და გავისტუმროთ ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეებიდან, რადგან ისინი ყოველდღიურად საფრთხეს უქმნიან, რეპუტაციას გვილახავენ და ეროვნულ ინტერესებს წირავენ ჩვენი ქვეყნის.
სიძულვილი, ზიზღი, რომელსაც „ოცნება“ თესავს, მათ შორის ნარატივები, რომელსაც ავრცელებენ ჩვენი პარტნიორების და მეგობრების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი არის კრემლის მთავარი ინტერესი. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კრემლიდან არის მართული „ოცნება“ და უნდა გავისტუმროთ 26 ოქტომბერს, რადგან მათი ქვეყნის სათავეში ყოფნა არის სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ინსტიტუციებისთვის და დასავლური ინტეგრაციისთვის.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.