„ქართული ოცნება“ იგებს ღირსეულად, საქართველოსთვის და საქართველოსთან ერთად. ჯერ ჩვენ კამპანიის აქტიურ ფაზაში არ გადავსულვართ და უკვე სამჯერ მეტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, ვიდრე ერთად აღებული რადიკალური ოპოზიციის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ქართული ოცნება“ ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე, მაშინ როდესაც რადიკალური ოპოზიციის ორიენტაცია არის მხოლოდ სიძულვილზე, დეზინფორმაციაზე, არეულობასა და ქაოსზე. ასევე, იმ უპრინციპულობაზე, რასაც ისინი ხელოვნური და ყალბი გაერთიანებებით საზოგადოებას ეუბნებიან. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ 26 ოქტომბრისთვის ეს სხვაობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება საქართველოს სასარგებლოდ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
კვლევის თანახმად, „საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ“.