ENG / RUS       12+

რა არის "მაიმუნის ყვავილი" (mpox) და როგორ ვრცელდება

რამდენიმე საათის წინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკის კონტინენტზე “მაიმუნის ყვავილის” ვირუსის მორიგი აფეთქების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ ღებრეიესუსის განცხადებით, ვითარება შემაშფოთებელია, რადგან ამ დროისთვის მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსის 14 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 524 ადამიანი.

მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსი ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება. ეს არის ვირუსული დაავადება ჩუტყვავილას მსგავსი სიმპტომებით, მაგრამ მისი მიმდინარეობა ჩვეულებრივ უფრო მსუბუქია.

თავდაპირველად, ვირუსი ცხოველებიდან ადამიანზე გადადიოდა, თუმცა იგი ახლა ადამიანებს შორისაც ვრცელდება.

დაავადება ძირითადად გვხვდება აფრიკის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში არსებული ქვეყნებში, რომლებიც ტროპიკული ტყეების სიახლოვესაა განლაგებული. გავრცელებულია ვირუსის ორი ძირითადი შტამი – დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული.

ამ რეგიონებში ყოველწლიურად ვირუსის ათასობით შემთხვევა ფიქსირდება, იღუპება ასობით ადამიანი. დაავადების მიმდინარეობა განსაკუთრებით მძიმედ ხასიათდება 15 წლამდე ბავშვებში.

არსებობს ვირუსის 2 შტამი - 1b და 2b.

"მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა 2022 წელსაც გამოცხადდა. მაშინ დომინირებთა ვირუსის შედარებით მსუბუქი 2b შტამი.

ვირუსი გავრცელდა მსოფლიოს თითქმის 100-მდე ქვეყანაში, მათ შორის იქ, სადაც ჩვეულებრივ არ ვრცელდებოდა ხოლმე ეს ვირუსი, მათ შორის, ამერიკაში, ევროპასა და აზიის ქვეყნებში. თუმცა, მოწყვლადი ჯგუფების ვაქცინაციის შედეგად, დაავადება სწრაფად მოექცა კონტროლის ქვეშ.

თუმცა, ამ დროისთვის გავრცელებულა ვირუსის ბევრად უფრო მძიმე - 1b შტამი, რომელსაც ახასიათებს ბევრად სწრაფი გავრცელების უნარი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ვირუსმა მუტაცია გასული წლის სექტემბერში განიცადა, რის შედეგადაც გაჩნდა 1b შტამი. ამ შტამს ერთ-ერთმა მეცნიერმა "ყველაზე საშიში" უწოდა.

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) განცხადებით, 2024 წლის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე დაფიქსირდა 14500-ზე მეტი შემთხვევა, 450-ზე მეტი გარდაცვალება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 160%-ით არის გაზრდილი ინფიცირების შემთხვევები, 19%-ით კი გარდაცვალების.

ვირუსის შემთხვევების 96% კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია გამოვლენილი, თუმცა დაავადება გავრცელდა ბევრ მეზობელ ქვეყანაში, როგორიცაა ბურუნდი, კენია, რუანდა და უგანდა, სადაც ის ჩვეულებრივ არ არის ენდემური.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში ჯანდაცვის მდგომარეობისა და ვაქცინებზე ხელისაწვდომობის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ და ვარაუდობენ, რომ ვირუსი შესაძლოა უფრო სწრაფად გავრცელდეს, რაც გამოიწვევს უფრო მეტ სიკვდილს ბავშვებსა და მოზრდილებში.

რა სიმპტომები ახასიათებს?

თავდაპირველ სიმპტომებს შორის, რომელიც მაიმუნის ყვავილისთვის არის დამახასიათებელი, არის ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება და ზურგის და კუნთების ტკივილი. ტემპერატურის მომატების შემდეგ პაციენტს ეწყება გამონაყარი, რომელიც სახიდან იწყება და სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება მათ შორის ხელის და ფეხის გულებზე.

გამონაყარი, რომელიც შესაძლოა ძლიერი ტკივილისა და ქავილის გამომწვევი იყოს, რამდენიმე ფაზას გადის. გამონაყარი თავდაპირველად კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით და ბოლო ეტაპზე ფუფხებს აყალიბებს, რომელიც საბოლოოდ სხეულიდან იქერცლება. ავადობა როგორც წესი, 12-დან 21 დღემდე გრძელდება.

როგორ ვრცელდება?

ვირუსი ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით, მათ შორის სქესობრივი კავშირის, კანთან შეხებისა და რესპირატორული გზით.

იგი ასევე შეიძლება გავრცელდეს ვირუსით დაბინძურებული საგნების შეხებით, როგორიცაა საწოლები, ტანსაცმელი და პირსახოცები.

ვირუსის გადაცემის ერთ-ერთი გზაა ინფიცირებულ ცხოველებთან, როგორიცაა მაიმუნი, ვირთხა და ციყვი, კონტაქტი.

2022 წელს გლობალური აფეთქების დროს ვირუსი ძირითადად სქესობრივი კონტაქტით გავრცელდა.

რისკჯგუფები

შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენენ 18-დან 50 წლამდე ასაკის კაცები, რომლებსაც ჰქონდათ სქესობრივი კონტაქტი სხვა კაცებთან. ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც რამდენიმე პარტნიორი ჰყავთ ან ხშირად ხვდებიან ახალ პარტნიორებს.

რისკჯგუფებს ასევე მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ მჭიდრო კონტაქტები ვირუსის სიმპტომების მქონე ადამიანთან, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკები და ოჯახის წევრები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ადამიანებს, რომ მოერიდონ მჭიდრო კონტაქტს ვირუსით ინფიცირებულთან და ხშირად დაიბანონ ხელები საპნითა და წყლით.

ასევე, რეკომენდირებულია, გამოჯანმრთელებიდან სულ მცირე 12 კვირის განმავლობაში, სექსუალური კავშირის დროს გამოიყენონ პრეზერავატივი.

მკურნალობის გზები

ეპიდემიის კონტროლი შესაძლებელია გავრცელების პრევენციით - ამის საუკეთესო გზა ვაქცინებია.

ვაქცინები არსებობს, თუმცა მხოლოდ მათთვის არის ხელმისაწვდომი, ვინც რისკის ქვეშ იმყოფება ან ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა.

ჯანომ მოუწოდა ფარმაცევტულ კომპანიეს, წარმოადგინონ ვაქცინები გადაუდებელი გამოყენებისთვის, მაშინაც კი, თუ ეს ვაქცინები ოფიციალურად არ არის დამტკიცებული იმ ქვეყნების მარეგულირებლების მიერ, სადაც მათი საჭიროება დგას.

მკურნალობა ასევე, შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით.