ჟურნალისტებმა, 12 აგვისტოს დილით რუსული წყაროების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით დაადგინეს, რომ უკრაინული სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება კურსკის ოლქის ბელოვსკის რაიონის სოფელ გირში - ეს არის დაახლოებით 30 კმ-ში ქალაქ სუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომლის მიმართულებითაც ადრე უკრაინის ჯარები მოძრაობდნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული ტერიტორიის ევაკუაცია გამოაცხადა.
მითითებულია, რომ ვიდეო გადაღებულია გირში, ფიჭური საკომუნიკაციო ანძის მიდამოში. უკრაინული ჯავშანმანქანა ჩრდილოეთით სოფელ ბელიცასკენ მიემართება. ვიდეოში ის გირის ავტობუსის გაჩერებას გადის.
მანამდე ბელოვსკის რაიონის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვოლობუევმა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
„ბელოვსკის რაიონის ძვირფასო მაცხოვრებლებო, სიტუაცია ძალიან დაძაბულია. დამოუკიდებლად ვისაც შეუძლია, მივიდეს შეკრების პუნქტში, სოფელ დოლგიე ბუდის სოფლის საბჭოში ან ობოიანსკის რაიონის სოფელ ბუშმენოში. ავტობუსები უზრუნველყოფილი იქნება. მათ, ვინც კვლავ რჩებიან ტერიტორიაზე, გთხოვთ, ყველა მცხოვრებს დატოვონ ტერიტორია“, - განაცხადა ვოლობუევმა.
მოგვიანებით კურსკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება ბელოვსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაციის შესახებ.
მანამდე, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ 12 აგვისტოს დილით, უკრაინის მოსაზღვრე კრასნოიარუჟსკის რაიონის მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.