11 აგვისტოს პარიზში ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
დახურვის ცერემონია Stade de France-ს სტადიონზე გაიმართა. ტრიბუნებზე, სხვათა შორის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონიც იმყოფებოდნენ
პარიზის თამაშების ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, ოლიმპიური დროშა მომდევნო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელს, აშშ-ის ქალაქ ლოს ანჯელეს გადაეცა.
ლოს ანჯელესში ოლიმპიადა 2028 წელს გაიმართება. ოლიმპიური დროშის გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, სტადიონის სახურავიდან დაეშვა სახელგანთქმული ჰოლივუდელი მსახიობი ტომ კრუზი.
პარიზის ოლიმპიადის ტრიუმფატორები ამერიკელები არიან, რომელთაც 40 ოქროს, 44 ვერცხლისა და 42 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მეორე ადგილზე ჩინეთი გავიდა 40 ოქროს, 27 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედლით, მას მოსდევს იაპონია 20 ოქროს, 12 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლით.
მეოთხე ადგილს დასჯერდა ავსტრალია 18 ოქროს, 19 ვერცხლისა და 16 ბრინჯაოს მედლით, ხოლო მეხუთეზე 16 ოქროს, 26 ვერცხლისა და 22 ბრინჯაოს მედლებით, საფრანგეთი გავიდა.
მედლების ჯამური რაოდენობით პირველობა არ დათმო შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც ჯამში 126 მედლის მოპოვება შეძლო, ჯამში 91 მედალი აიღო ჩინეთმა, 65 - ბრიტანეთმა, 64 - საფრანგეთმა და 53 ავტრალიამ.
საქართველომ პარიზის ოლიმპიადა ისტორიული შედეგით დაასრულა.