მექსიკაში უკრაინის საელჩო მოუწოდებს მექსიკის ხელისუფლებას, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ იგი არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას დაესწრება, რომელიც 1-ელ ოქტომბერს უნდა გაიმართოს. შესაბამისი მიმართვა მექსიკაში უკრაინის დიპლომატიური მისიის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
"ვიმედოვნებთ მექსიკის მთავრობა ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ ვლადიმირ პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, რომელიც ბრალდებულია უკრაინებული ბავშვების რუსეთში გატაცებასა და იძულებით დეპორტაციაში დa მისი დაკავების ორდერი გამოსცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც სცნობს მექსიკა", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საელჩომ იმედი გამოთქვა, რომ მექსიკა თავის ვალდებულებებს შეასრულებს და პუტინს გადასცემს გაეროს სასამართლო ორგანოს, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ მექსიკის არჩეულმა პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა დაიწყო ინაუგურაციაზე სახელმწიფო მეთაურებისთვის მოსაწვევების დაგზავნა. ერთ-ერთი მოწვევა პუტინსაც გაეგზავნა, თუმცა უცნობია, მიიღებს თუ არა იგი ღონისძიებაში მონაწილეობას.
მანამდე პუტინმა შეინბაუმს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"მექსიკა არის რუსეთის ტრადიციულად მეგობრული პარტნიორი ლათინური ამერიკის რეგიონში. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი, როგორც პრეზიდენტის საქმიანობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას", - წერდა რუსეთის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი 17 მარტს გამოსცა. მათ ბრალი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის ორგანიზებაში ედებათ, რაც ომის დანაშაულად არის მიჩნეული.
მოსკოვი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.