ირანის ხელისუფლებამ შესაძლოა, ხელი აიღოს ისრაელზე მასიური თავდასხმის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ის გეგმავდა "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ. იტყობინება გამოცემა Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, ბოლო დღეებში აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეებს სთხოვა გაეძლიერებინათ გავლენის მოხდენის მცდელობები თეირანზე, რათა მას გადაეხედა ისრაელზე თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილებაზე.
ვაშინგტონმა ასევე პირდაპირ მოუწოდა ირანს, გადახედოს გადაწყვეტილებას ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით შესაძლო რეაგირების შესახებ. კერძოდ, ამერიკულმა მხარემ მიუთითა, რომ ჰამასის პოლიტიკური ლიდერის მკვლელობა ფარული ოპერაციის შედეგი იყო და არა ფართომასშტაბიანი თავდასხმა. გარდა ამისა, ვაშინგტონმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად ირანის არც ერთი მოქალაქე არ დაღუპულა.
შედეგად, Politico-ს წყაროების მიხედვით, ირანი სულ უფრო მეტად იხრება ვაშინგტონის პოზიციისკენ. მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატები მაინც ელოდება თეირანის გარკვეულ რეაქციას ჰანიეს მკვლელობაზე, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ ირანი აუცილებლად დაარტყამს ისრაელს.
ამასთან CNN-თან საუბრისას, წყაროები ამერიკული დაზვერვიდან ამბობენ, რომ ჰანიეს მკვლელობის გამო, შესაძლოა, "ჰეზბოლამ" ირანისგან დამოუკიდებლად მოახდინოს რეაგირება. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ "ჰეზბოლას" ირანისგან განსხვავებიტ, შეუძლია, თავდასხმა დაიწყოს ყოველგვარი გაფრთხილებისა და მინიშნების გარეშე.
"ამ დროისთვის, ირანისა და ჰეზბოლას პოზიციები შესაძლოა თავდასხმასთან დაკავშირებით განსხვავდება და მათ შორის არ იყოს მოქმედებების კოორდინაცია", - განმარტა CNN-თან საუბრისას წყარომ.
ირანმა და ჰეზბოლამ პირობა დადეს, რომ შურს იძიებენ ჰანიას მკვლელობისთვის, რომელიც თეირანში 31 ივლისს მოხდა. მათ ისრაელი დაადანაშაულეს ჰამასის პოლიტიკური ლიდერის რეზიდენციაზე თავდასხმაში, თუმცა თელ-ავივმა ოფიციალურად არ დაადასტურა თავისი მონაწილეობა ამ ინციდენტში.