პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არა გაჩერებული, არამედ შეჩერებულია, ამიტომ პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უპირველესად, ანტიევროპული კანონების გაუქმებაა საჭირო, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„ეს არის სრულიად დამოკიდებული არჩევნებზე, ყველა გველოდება, ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული და არა სამუდამოდ გაყინული ან გადახედილი. ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება.
ნების გამოხატვის შემდეგ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუ ეს ნება გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ეს პარტიები იღებენ ამ მხრივ ვალდებულებას, პარლამენტში ვინც შევა და როგორც შევა, რომ შეასრულონ ეს ქარტია, მიიღონ ის კანონმდებლობა, გააუქმონ ანტიევროპული კანონმდებლობები, რაც მიიღეს ბოლო დროს და ამით დაუდასტურონ პარტნიორებს, რომ გვაქვს პოლიტიკური ნება, დავუბრუნდეთ ევროპის გზას.
მე ვიძლევი პირობას, როგორც კი დაიწყება ამ ქარტიის შესრულება, ვივლი იმ ევროპაში, რასაც მიკრძალავდნენ და ვეღარ ამიკრძალავს ვერავინ, იმისთვის, რომ დავიცვა საქართველოს პოზიციები, რომ ჩვენ ვართ ღირსი, აღგვიდგინონ ყველა პირობა, რაც არსებობდა აქამდე, დავუბრუნდეთ იმ გზას ისე, რომ დიდად არ დავაგვიანოთ და არ ვიყოთ ჩამორჩენილი“, - განაცხადა პრეზიდენტმა კითხვაზე, როდის არის საქართველო-ევროკავშირის შეჩერებული ურთიერთობების განახლება შესაძლებელი.