ვინც გადალახავს საერთაშორისო საზღვარს, ის არის ის, ვინც იწყებს ომს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა აჭარის ტელევიზიის შეკითხვაზე, ისევ იმეორებს თუ არა თავის 2018 წლის პოზიციას და "დავიწყეთ თუ არა ჩვენ ომი".
სალომე ზურაბიშვილის განცახდწებით, მის მიერ გაკეთებული აღნიშნული განცხადება არ ნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი.
„ის ნათქვამი, რაც წაკითხული იყო, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ან ისტორია უნდა იცოდეთ, ან გეოგრაფია. გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც გადალახავს საერთაშორისო საზღვარს, ის არის ის, ვინც იწყებს ომს. აქ იყო საუბარი სხვა რამეზე, შიდა პოლიტიკაზე, იმ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება, ჩაიდინა, მაგრამ ამაზე „ოცნებამ“ არ დაიწყო არანაირი გამოძიება. სულ სხვა რამეზე დაიწყო, პიჯაკებზე და სხვა რაღაცებზე. რა მოხდა კოდორის ხეობაში, რა მოხდა ცხინვალში, მაგრამ ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოში მაშინ, როგორც დაიწყო უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ეხება ისტორიას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს, გაიგოს და არ უნდა აღვრიოთ ცნებები, პრინციპები. პრინციპი არის ის, რომ რაც ჩვენ ვიცით, თანამედროვე ისტორიის მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა „ოცნებამ“, როგორც ჩანს, დაივიწყა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.