ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა 28 ადამიანს ბელარუსში რეპრესიებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებში მონაწილეობის გამო.
სანქციათა ქვეშ მოექცა ბელარუსის მმართველის ალექსანდრ ლუკაშენკას ძველი მხარდამჭერთა ჯგუფი.
მათ შორის არიან სახელმწიფო სააგენტოს „ბელტას“ გენერალური დირექტორი ირინა აკულოვიჩი, ეროვნული ასამბლეის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე ნიკიტა რაჩილოვსკი და ლუკაშენკას პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი - დმიტრი ჟუკი.
„რეჟიმის ამ პროპაგანდისტებმა მიზანმიმართულად მიაწოდეს ბელარუსის საზოგადოებას ცრუ ინფორმაცია სახელმწიფო ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიების შესახებ, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომელიც მომზადებული იყო როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ და აღვივებდნენ სიძულვილს დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ“, - ცხადებენ ბრიუსელში.
სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი დირექტორატის (GUBOPiK) უფროსის ორი მოადგილე და სასამართლო სისტემის არაერთი წარმომადგენელი, რომლებმაც გამოიტანეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი. გარდა ამისა, შემაკავებელი ზომები იქნა გამოყენებული ციხისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ზოგიერთი ხელმძღვანელის მიმართ.
სანქცირებულთა სიის ფიგურანტებს გაეყინათ აქტივები; ევროკავშირის მოქალაქეებს და კომპანიებს მათთან ტრანზაქცია, ფიზიკურ პირებს კი ევროკავშირში შესვლა ეკრძალებათ.