ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა.
ქართველმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო, მაგრამ ვაზარი გაუშვა და ნახევარფინალის საგზური რინერმა მოიპოვა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილს დისკვალიფიკაცია მისცეს და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
საქართველოს პირველი არხის ცნობით, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, გურამ თუშიშვილის სასჯელი ეხება მთლიანად ოლიმპიურ თამაშებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებას. ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე მონაწილეობაც, სანამ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
გუნდურ შეჯიბრებაში კი, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე ჩაანაცვლებს.