ამერიკაში ჩვენი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა არ ნიშნავს ალტერნატივას იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი საგარეო კურსი ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ახლახან კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩასული ჩინეთში, ჩინური მხარის მიწვევით. ისინი სტრატეგიული პარტნიორები 2005 წლიდან არიან და 2018 წლიდან ვითარება დაეძაბათ, მაგრამ ჩასული იყვნენ იმის თაობაზე, რომ ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება განაახლონ. ჩინეთში ჩასული იყვნენ ევროპული ქვეყნების ლიდერებიც, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი. ეკონომიკის მინისტრები შვეიცარიიდან და ფინეთიდან. ასევე ჩასული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეხვედრა მზადდება უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების. ამერიკაში ჩვენი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა არ ნიშნავს არანაირ ალტერნატივას იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი საგარეო კურსი ჰქვია. ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები მოწოდებულია იმისკენ, რომ აზიისა და ევროპის ბაზრები ერთმანეთს უკეთესად დაუკავშირდეს, მით უმეტეს, რომ ჩვენი დერეფანი ერთადერთი ალტერნატიული გზაა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.