ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით ვლადიმერ სანაკოევს სკანდალური განცხადების გაკეთება თავად რუსეთის "ეფ-ეს-ბემ" დაავალა.
"საკითხის ცალსახად შეფასება არ შემიძლია, რადგან არ გვაქვს სრული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე არც ის არის გამორიცხული, რომ სანაკოევი საქართველოში მართლაც გარკველი დავალების შესასრულებლად ყოფილიყო ჩამოსული, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთის აგენტობაზე ის ახლა იმის გამო ალაპარაკდა, რომ ეს ვიღაცას დასჭრიდა", - განუცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას და აქვე განმარტა, რომ არ არის გამორიცხული, სანაკოევის განცხადების უკან თავად რუსეთის სპეცსამსახური იდგეს.
"საუბარში სანაკოევი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების სრულ დისკრედიტაციას ახდენს. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა გარკვეულ რისკზე თავად წავიდა და ათქმევინა სანაკოევს ის, რაც მან თქვა. ალბათ ქართული პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაციის ფასად "ეფ-ეს-ბეს" ეს უღირდა", - განმარტა ექსპერტმა.
გარდა ამისა, მამუკა არეშიძე სანაკოევის განცხადების კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზსაც ასახელებს და არ გამორიცხავს არც იმას, რომ მას "ამ სკანდალით როგორმე დასავლეთში გაღწევა სურდეს".
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "კოკოითი ფანდარასტ"-ის ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ სანაკოევი, რომელიც 2004-2008 წლებში საქართველოს მთავრობასთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა, სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოში რუსული "ეფ-ეს-ბეს" დავალებებს ასრულებდა.