„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აირჩიეს.
ენმ-ის საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა თანაპარტიელებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
"რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ, მაგრამ მჯერა, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე" - თქვა სოფო ჯაფარიძემ და იქვე დაამატა, რომ ამის ფიქრის საფუძველს ქართველი ხალხის მუხტი და ენთუზიაზმი აძლევს.
ყველა კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის სამი თვე ელოდება ჩვენს ქვეყანას. ძალიან დიდი ბრძოლა, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ. მე დარწმუნებული ვარ და მე მჯერა, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე. ალბათ, ყველას გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რა მაძლევს ამის საფუძველს, ამის საფუძველს მაძლევს თქვენი შემართება, ენთუზიაზმი და ის საოცარი მუხტი, რაც დღეს ქართველ ხალხშია, ის მუხტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად მზარდი იქნება. 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ რუსულ რეჟიმს. კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. სავსე იყო ქართველი ხალხით. ასი ათასობით თბილისელი იბრძოდა ერთისთვის და მიზანი იყო ერთი - არა რუსულ კანონს. ჩვენ 26 ოქტომბერს რუსულ რეჟიმს ვეტყვით არას და ყველა ერთად ვიტყვით, რომ დიახ, ჩვენი ადგილი არის ევროპაში", - ამბობს ჯაფარიძე.