ტრამპს ვუჭერ მხარს, რადგან მგონია, რომ ის არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ტრამპს ვუჭერ მხარს, რადგან მგონია, რომ ის არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდება თუ არა, მეორე დღეს იტყვის, მორჩა. ეს პროცესია და მიდგომები ასე სწრაფად არ იცვლება. ვთქვით, რომ ტრამპის მოსვლა რეგიონში ომის დამთავრებას ნიშნავს, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ომის დამთავრება ნიშნავს, რომ მეორე ფრონტის გახსნის ვალდებულება, მოთხოვნა და ბულინგი მთავრობის მიმართ მოიხსნება „გლობალური ომის პარტიის“ მიერ. რატომ აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს? – სახელმწიფო ინსტიტუციებს რომ შეუტიონ. და ეს შემთხვევითი გგონიათ? მათ ნებას არ დავყევით, არც მეორე ფრონტი გავხსენით და უარი არ ვთქვით ანაკლიის პორტის აშენებაზე, რომელიც მნიშვნელოვანი კვანძია ევროპასა და აზიას შორის. არასამთავროების მობილიზება, ეს ყველაფერი ამის გამო ხდება. ყველაფერი იმდენად გამჭვირვალე გავხადეთ, რომ უკვე პოლიტიკაში წამოვიდნენ.
მათი მხრიდან დამალვას აზრი არ აქვს, პოლიტიკაში მანამდეც იყვნენ. ამერიკაში ტრამპის მოსვლა ომის გაჩერებას ნიშნავს. ამით მოიხსნება ჩვენ მიმართ მოთხოვნა, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას. მესამე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსება შეუწყდებათ, რაც მშვიდობის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.