ბიძინა ივანიშვილი რა ფეხზეც გაიღვიძებს, ვისაც დაასახელებს პირველ მარიონეტად, ის იქნება პირველი მარიონეტი, მეორე მარიონეტად მეორე მარიონეტი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, რომ "ქართული ოცნება" საარჩევნო სიას ცესკო-ში ბოლო დღეს შეიტანს. მისი თქმით, მმართველ პარტიაში სიას არა გუნდი, არამედ ივანიშვილი დაწერს.
„ბიძინა ივანიშვილის ხასიათზეა დამოკიდებული, ვის რა თვალით შეხედავს სიის დაწერის წინ და ამის მერე შედგება სია, ეს არ არის დემოკრატია, ეს არის ავტოკრატია, ჩვეულებრივი დახურული გადაწყვეტილებების მიღება,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" საარჩევნო სიას ცესკო-ში ბოლო დღეს შეიტანს. „სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენც ასე ვიმოქმედებთ. სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა, მანამდე სიის გარკვეული ნაწილი ალბათ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, - თქვა კობახიძემ.