ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი პარლამენტს 3 რეკომენდაციით მიმართავს.
„19 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკომიტეტო განხილვაში სახალხო დამცველის აპარატიც მონაწილეობდა. სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას. ამასთან იმედს ვიტოვებთ, რომ დაზღვეული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკებიც.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია ეს არის ჰუმანური პოლიტიკური აქტი და სახალხო დამცველი, თავისი მანდატის გათვალისწინებით, ვერ მისცემს პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაციებს თუ რა დანაშაულებისთვის ან რა ფარგლებში უნდა შეეხოს ამნისტია მსჯავრდებულ პირებს. მეორე მხრივ კი, პრინციპების დონეზე, სახალხო დამცველის აპარატმა თავისი ხედვა საქართველოს პარლამენტს სამი კონკრეტული მიმართულებით შესთავაზა. კერძოდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა:
ამნისტიის აქტის განხილვის პროცესში მსჯელობა გაიმართოს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელის გონივრული ვადა და განხილულ იქნას მათ მიმართ ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებითაც, რომ აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულებს 2012 წელს მიღებული საყოველთაო ამნისტიის აქტი მხოლოდ ფორმალურად შეეხოთ, პრაქტიკაში კი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ. ამავდროულად, შესაძლებელია შემუშავდეს დამატებითი პირობები, რომელიც მაქსიმალურად სამართლიანი და გონივრული პრინციპით შეძლებს დაადგინოს იმ პირთა წრე, რომელსაც შეიძლება შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით;
სახალხო დამცველი სთავაზობს პარლამენტს, რომ მეტად ლოიალური მიდგომა გაატაროს იმ პატიმრების მიმართ, რომელთაც ეხებათ ამნისტია, თუმცა დამატებით, ქრონიკული ან/და განუკურნებელი დაავადებები აქვთ;
განსაკუთრებული სიფრთხილე იქნას გამოჩენილი ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესში. კერძოდ, აუცილებელია მსხვერპლთა თანხმობების მიღების პროცესში დაცული იყოს მათი ინტერესები და უსაფრთხოება; და მათ შეძლონ თავისუფალი ნების გამოვლენა, ყოველგვარი იძულებისა და კანონსაწინააღმდეგო გავლენების გარეშე. მათ შორის, შესაძლებელია ამ პროცესში რელევანტური უწყებების ჩართულობა ან სასამართლოს წინაშე დაზარალებულთან გასაუბრება, რათა ერთი მხრივ, მოსამართლე დარწმუნდეს მსხვერპლის პოზიციაში და მეორე მხრივ, სასამართლომ შეძლოს დამცავი ორდერის ადეკვატური პირობების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს დაზარალებულის ეფექტიან დაცვას.
სახალხო დამცველი მზად არის დამატებითი სამუშაო შეხვედრა გამართოს კანონპროექტის ინიციატორებთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. ამასთან, მიესალმება პარლამენტის მიერ ამ მიმართულებით გაცხადებულ ნებას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო დღეების მანძილზე საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამნისტიის აქტთან დაკავშირებით არსებული ვითარების მიმართ. შესაბამისად, აპარატში პენიტენციური დაწესებულებებიდან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2024 წლის 17 და 18 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულები N2, N3, N5, N6, N8 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.
ვიზიტების შედეგად აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დაწესებულებებში ამნისტიის კანონის მოქმედების ფარგლების გაფართოების თხოვნით 8 მსჯავრდებული შიმშილობდა. 14 უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი შიმშილობდა აგრეთვე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებსაც ვიზიტის დროისთვის შიმშილობა უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც გააგრძელებენ პატიმრებთან შეხვედრებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.