ევროკავშირი უნდა იყოს აბსოლუტურად ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას სურს, შეეწინააღმდეგოს უცხოურ გავლენას, იცავს ოჯახებს, ბრიუსელში კი არ უყვართ, როდესაც მათ ნამღერზე არ ცეკვავენ, ეწინააღმდეგებიან ომსა და გენდერულ პროპაგანდას.
„ევროკავშირი უნდა იყოს აბსოლუტურად ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი. რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ომის მომხრე პოლიტიკოსებს და ბრიუსელის ბიუროკრატებს სურთ, შეუძლებელი გახადონ საქართველოს წარმატებით ინტეგრაცია ევროპაში. მსგავს დროს, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ არის ასე? პასუხია, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტული მთავრობა, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი ერის ინტერესებს იცავს. საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც სურს წინააღმდეგობის გაწევა, სურს, ასევე წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოურ გავლენას და ამას საკმაოდ კარგად აკეთებს. მათ ასევე მიიღეს კანონი, რომელიც იცავს ამას. მათ ჰყავთ მთავრობა, რომელიც იცავს ოჯახებს, ტრადიციული ოჯახის მოდელს და მათ მიიღეს კანონი ამის შესახებ. ამიტომ, ბრიუსელმა დააწესა პოლიტიკური და ფინანსური სასჯელი. ბრიუსელში არ უყვართ, როდესაც მათ ნამღერზე არ ცეკვავენ და თუ ვინმე წინააღმდეგობას უწევს ომსა და გენდერულ პროპაგანდას“, - განაცხადა სიიარტომ. [პირველი არხი]